7 სექტემბერი საერთაშორისო დღეა - „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით საერთაშორისო დღის ფარგლებში ქ. რუსთავის საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან დისკუსია გაიმართა.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის მოადგილემ მაია ჯავახიშვილმა ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე, სხვადასხვა სექტორიდან ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის განხორციელებულ რეგულაციებსა და გეგმებზე ისაუბრა.
2019 წელს გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც 7 სექტემბერი „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“ საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. აღნიშნული დღე ხაზს უსვამს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას და ხელს უწყობს აქტივობების განხორციელებას ჰაერის ხარისხის შესახებ.
2023 წლის თემაა - „ერთად სუფთა ჰაერისთვის“, რაც ყურადღებას ამახვილებს პარტნიორობის გაძლიერებაზე, ინვესტიციების გაზრდასა და ჰაერის დაბინძურების დაძლევისთვის პასუხისმგებლობის განაწილების აუცილებლობაზე.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და კლიმატის ცვლილება ის მნიშვნელოვანი თემებია, რომლის შესახებაც ტრენინგები გაიარეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გადამზადებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებსა და მეთოდისტებს სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელო - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ შესაბამის საგანმანათლებლო რესურსებთან ერთად გადასცა.
პროგრამა „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ მიზნად ისახავს ბაღის აღმზრდელების/მეთოდისტების მხარდაჭერას და ადრეული ასაკის ბავშვებში გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარებას.