კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაცია ქ. თბილისში გაიმართა. კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი მოიცავს ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს. თეთრი წიგნის მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების გაგრძელებაა.
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა.
საჯარო კონსულტაცია გაიმართება ქ.ბათუმშიც. მიღებული მოსაზრებებისა და გამართული ეროვნული კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდება საქართველოს კანონი კლიმატის ცვლილების შესახებ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ლაშა ნაკაშიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ხელმძღვანელი ირინე ქურდაძე ესწრებოდნენ.
კონსულტაციაში არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული საზოგადოება მონაწილეობდა. საჯარო კონსულტაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.