დაცული ტერიტორიების განვითარების საუკეთესო ამერიკული გამოცდილების გაზიარების ტრენინგები წარმატებით დასრულდა.
ტრენინგის „დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მმართველობის და მართვის საორიენტაციო საფუძვლები“ 30 მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) პარტნიორობით, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელმა პაატა შანშიაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები გადაამზადეს.
ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, იური ნოზაძემ და ხატია წილოსანმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვებლერმა და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელმა, პაატა შანშიაშვილმა გადასცეს.
ღონისძიება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კავკასიაში პირველ დაცულ ტერიტორიაზე გაიმართა.
02.07.2020
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა “ეკოლიდერთა სკოლის” მონაწილეებისთვის ვებინარი თემაზე - საზოგადოებასთან ურთიერთობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ჩაატარა.
ვებინარზე მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ეფექტური ურთიერთობის ნაბიჯებზე, სტრატეგიულ დაგეგმვაზე, როგორც გადაწყვეტილების მიღებაზე - სად გინდა იყო მომავალში (მიზანი) და როგორ უნდა მიაღწიო იქამდე (სტრატეგია). ეკატერინე ბენდელიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით ორგანიზაციების მიერ სტრატეგიული გეგმვის არსებობის მნიშვნელობაზე, რომელიც პროაქტიულად განსაზღვრავს ორგანიზაციის მიმართულებას, რომ თავიდან იქნეს აცილებული “დინების მიყოლა” და საქმიანობის რუტინული განმეორება.
ეკოლიდერთა სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ცენტრის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების დაგეგმვის პროცესით.ასევე ვებინარზე ეკოლიდერებმა სიმულაციური სავარჯიშო ჯგუფურად შეასრულეს.
ვებინარის დასკვნითი ნაწილი კი კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ეკოლიდერთა სკოლაში პროგრამული ონლაინ სემინარები ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება, რომლის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით, აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებზე.
29.06.2020
“ეკოლიდერთა სკოლაში” სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პროგამული ვებინარები მიმდინარეობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც კლიმატის ცვლილებისა და ატმოსფერული ჰაერის პოლიტიკა, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები.
კლიმატის ცვლილებაზე ეკოლიდერებთან ვებინარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გარემოსა და კლიმატის დეპარტამენტის უფროსი ნინო თხილავა უძღვებოდა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილებასა და მის უარყოფით შედეგებზე, ადამიანის როლზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე. ასევე, ისაუბრა მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე. ეკოლიდერთა სკოლის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიდგომებსა და მექანიზმებზე.
ეკოლიდერთა სკოლის პროგრამული ვებინარის მეორე მომხსენებლმა, NACRES -ის გამგეობის წევრმა კახა არცივაძემ საქართველოს ბიომრავალფეროვნების როლზე, კონსერვაციასა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მექანიზმებზე ისაუბრა. ეკოლიდერების ინტერესი საქართველოში არსებული ბიომრავალფეროვნების მდგომარეობასა და მიმდინარე ღონისძიებებს ეხებოდა. მოხსენების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ეკოლიდერთა სკოლაში პროგრამული ონლაინ სემინარები ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება, რომლის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით, აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებზე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო საგანმანათლებლო ღონისძიებებს კვლავაც დისტანციურად განაგრძობს.
26.06.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო.
სასწავლო კურსი ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეთა შესაძლებლობაზე, თანამედროვე სწავლების მეთოდებით გაიღრმავონ ცოდნა გარემოსდაცვით სფეროში, გაეცნონ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საპასუხო ქმედებებს, შეიძინონ თანამოაზრეები და მათთან ერთად პრაქტიკაში განახორციელონ საინტერესო პროექტები, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მომავალ ღონისძიებებში.
ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეეები შეირჩა კონკურსის საფუძველზე, სადაც 3 კვირის განმავლობაში სხვადასხვა გარემოსდაცვით თემაზე გაიმართება დისტანციური შეხვედრები, ონლაინ სემინარები. ეკოლიდერები კვალიფიციური ადამიანიების დახმარებით გაეცნობიან პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს და იმსჯელებენ პრობლემების გადაჭრის გზებზე, მიიღებენ ცოდნას გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, განივითარებენ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარებს.
ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწალო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ საქართველოს ბიომრავალფეროვნების როლი და გაეცნობიან ბიომრავალფეროვნების დაცვის მექანიზმებს, მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას გარემოსდაცვითი კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, გაეცნობიან გარემოსდაცვითი პროფესიების მნიშვნელობასა და პერსპექტივებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო საგანმანათლებლო ღონისძიებებს კვლავაც დისტანციურად განაგრძობს.
24.06.2020
„ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს” (EUWI+) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის მომზადებაზე.
- გთავაზობთ გეგმის თემატურ რეზიუმეს ქართულ და ინგლისურ ენაზე.
- გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით და შეავსოთ მოცემული კითხვარი - https://cutt.ly/Fu3O083
23.06.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებისათვის ჩანახატების კონკურსი ,,ბიომრავალფეროვნების როლი ჩვენს ცხოვრებაში” და გრაფიკული პოსტერების კონკურსი სახელწოდებით ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“ კონკურსის მონაწილეები დააჯილდოვა.
შერჩეული საუკეთესო პოსტერების და ჩანახატების ავტორებისთვის გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე. ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად კაცობრიობის ტექნოლოგიური თუ ეკონომიკური განვითარებისა, ადამიანები სრულად არიან დამოკიდებულნი ბიომრავალფეროვნებაზე.
კონკურსანტებმა ღონისძიებაზე თავად წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები და ისაუბრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და ბუნებასთან მჭიდრო კავშირის აუცილებლობაზე. მონაწილეების მიერ 100-მდე საკონკურსო საინტერესო და ორიგინალური ჩანახატი და პოსტერი იქნა წარმოდგენილი. მონაწილეებმა შეძლეს საკუთარი წვლილი შეეტანათ 2020 წლის ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნაში.
ღონისძიების ფარგლებში, კონკურსის ყველა მონაწილეს ელექტრონული სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო ჟიურის მიერ გამოვლენილ სამი საუკეთესო პოსტერისა და ჩანახატის ავტორი სერთიფიკატთან ერთად სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.
22.06.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემის შექმნაზე მუშაობენ.
წყლის საინფორმაციო სისტემა ევროკავშირის პროექტის „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ENI SEIS II East)” ფარგლებში, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით იქმნება.
საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემა ხელს შეუწყობს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის განხორციელებას. საქართველოს წყლის სისტემის ფუნქციები და დიზაინი ევროპის წყლის საინფორმაციო სისტემის ანალოგიურია (WISE). სისტემაში შესაძლებელი იქნება წყალთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის, კანონმდებლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციზე, წყლის რესურსების შესახებ ხარისხობრივ და რაოდენობრივ მონაცემებზე და რუკებზე წვდომა. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, საქართველოში წყლის რესურსებთან დაკავშირებულ კომპეტენტური ინფორმაცია მიიღონ, ასევე, ეროვნული მონაცემები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაცემებთან შეადარონ.
საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის ბოლომდე. წყლის საინფორმაციო სისტემის მართვის უნარ-ჩვევების შესწავლის მიზნით, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი ექსპერტებისთვის ორდღიანი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა.
საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემის მართვაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იქნება.
10.06.2020
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან, გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით გამართა ვებინარები თემებზე:
- ნარჩენების მართვა
- ბიომრავალფეროვნება
- ნიადაგის დეგრადაცია
- კლიმატის ცვლილება
- ატმოსფერული ჰაერის დაცვა
- ღვინის ისტორია
- ქართული ვაზის ისტორია
- ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები
- მდგრადი განვითარების მიზნები
აღნიშნულ პერიოდში, ცენტრის მიერ ორგანიზებულ ვებინარებს საერთო ჯამში დაესწრო 583 მონაწილე. სასწავლო პროცესის დასრულებასთან ერთად სკოლის მოსწავლეებისთვის ვებინარები დასრულდა.
დისტანციურ ლექციებს ცენტრის თანამშრომლებთან ერთად უძღვებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოწვეული სხვადასხვა დარგის ექსპერტები. ვებინარებში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მოსწავლეს, სტუდენტს, მშობელსა და მასწავლებელს. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ცენტრი თავის ფუნქციებს დისტანციურად ახორციელებდა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით აქტიურად აგრძელებს მუშაობას არაფორმალური განათლების მიმართულებით.
08.06.2020