მედია   სიახლეები   პროგრამის - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” პრეზენტაცია
14.10.2020

გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.
„14 ოქტომბერი გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღეა. წელს ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების პროგრამის” პრეზენტაცია და ასევე, მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს წარდგენა მოხდა. სახელმძღვანელო 8 ნაწილს მოიცავს, განკუთვნილია პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის და გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით განათლების მიღების კარგი საშუალებაა. ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ჩვენ დავიწყეთ ქვეყანაში გარემოსდაცვითი განათლების ჩამოყალიბება. ამას მოჰყვა სასკოლო გარემოსდაცვითი განათლების პროგრამების მომზადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყანაში თაობა, რომელსაც სწორი აღქმა ექნება გარემოს დაცვის მიმართულებით და ასევე, ინტერესი გაუჩნდება აგრარული მიმართულებით აირჩიოს პროფესია” -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების და გარემოსდაცვის საკითხების მნიშვნელობას. ასევე აღნიშნა, რომ ცოდნა და განათლება არის ერთ-ერთი წამყვანი და ახალი სახელმძღანელოები, რომელიც იქნება მიძღვნილი გარემოსდაცვითი საკითხებისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დამხმარე სახელმძღვანელოა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის და მოიცავს ორივე სფეროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.
ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო სრულ თანხვედრაშია განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნებთან, შეესაბამება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ სტანდარტებს.
ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარების გაუმჯობესებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა განათლებას ენიჭება, სწორედ ამიტომ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

იხ.გალერეა

Latest news