აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი კლიმატის ეროვნული პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას შორის არსებული ცოდნისა და შესაძლებლობების ხარვეზის შემცირება იყო, ინსტიტუციური ჩარჩოების, ტექნიკური უნარებისა და მმართველობის სისტემების გაძლიერების გზით.
შეხვედრა ჩატარდა გამოცდილების ურთიერთგაზიარების (peer-to-peer learning) ფორმატში. მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საუკეთესო პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები კლიმატის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინსტიტუციური, სექტორული და ინდივიდუალური შესაძლებლობების გაძლიერებას, პროგნოზირებადი და მდგრადი კლიმატური ფინანსების მობილიზებას, ადაპტაციის პოლიტიკის ინტეგრაციას სახელმწიფო მართვის სხვადასხვა დონეზე, ასევე, კერძო საჯარო-კერძო პარტნიორობებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაძლიერებას.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები აზიის განვითარების ბანკის 28 განვითარებადი წევრი ქვეყნიდან.
ბანგკოკში გამართულ შეხვედრას საქართველოდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი გეწაძე ესწრებოდნენ.
„ADB-ის მიერ ორგანიზებული რეგიონული ვორქშოპი მნიშვნელოვანი პლატფორმაა სტრატეგიული დაგეგმვიდან პრაქტიკულ განხორციელებაზე გადასვლისათვის და კლიმატის ადაპტაციაში განვითარების პოტენციალზე ფოკუსირების გასაძლიერებლად," – განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.