გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში — ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ბათუმში —სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის დანერგვა მიმდინარეობს.
პროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება, აღმზრდელ-პედაგოგებში ბიომრავალფეროვნების, ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილების, ენერგოეფექტურობისა და წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების მიმართულების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პრაქტიკოსების გადამზადებას 2016 წლიდან ახორციელებს. ტრენინგები ეფუძნება სახელმძღვანელოს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.
„ჩვენი მიზანია, გარემოსდაცვითი განათლება გახდეს ყოველდღიური პრაქტიკა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის ამაღლებას, ეკოლოგიური კულტურის გაღრმავებას და ბავშვებში გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენინგის ფარგლებში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით 3 400-ზე მეტი აღმზრდელ-პედაგოგი გადამზადდა“, — განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამთა დევდარიანმა.
მიმდინარე ეტაპზე, აჭარის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 139 პრაქტიკოსი აღმზრდელი გადამზადდა.
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ტრენინგები გაგრძელდება იმერეთისა და გურიის რეგიონში, სადაც 400-მდე პრაქტიკოსი გადამზადდება.