ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

NAP პროექტის ფარგლებში სექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

NAP პროექტის ფარგლებში სექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ – ფარგლებში, ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) შემუშავების მიზნით სამი სექტორული სამუშაო ჯგუფი შექმნა.

სამუშაო ჯგუფების  შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა გახსნა და ყურადღება ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პროცესში, ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ეროვნული ადაპტაციის გეგმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასებას, ადაპტაციის პრიორიტეტების განსაზღვრასა და სხვადასხვა სექტორში ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვას“,- განაცხადა თამთა დევდარიანმა.

როგორც ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, ეროვნული ადაპტაციის გეგმის შემუშავების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობას, რადგან მრავალსექტორული თანამშრომლობა უზრუნველყოფს ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული, პრაქტიკული და გრძელვადიანი ადაპტაციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი სექტორული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, ასევე ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსებისა და მთის ეკოსისტემების მიმართულებებს მოიცავს, პროექტის საკონსულტაციო მექანიზმია, რომლის ამოცანასაც  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების, მოწყვლადობის, სექტორული გამოწვევებისა და ადაპტაციის პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში მომზადდება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა და 5-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი საქართველოსთვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პირველი სისტემური ჩარჩო იქნება და უზრუნველყოფს ადაპტაციის ღონისძიებების გრძელვადიან დაგეგმვას, კოორდინაციასა და მათ ინტეგრირებას ეროვნულ და სექტორულ პოლიტიკაში.

ჰიბრიდულ ფორმატში გამართულ სამუშაო ჯგუფების პირველ შეხვედრას სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვების არქივი