შემოქმედებითი კონკურსი „ტყის პატარა მცველი“: https://forms.gle/gAZMQa9e6oowyp1r9
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს შემოქმედებით კონკურსს „ტყის პატარა მცველი" საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების I–V კლასის მოსწავლეებისთვის!
წარმოიდგინე, რომ ტყის პატარა მცველი ხარ - გაგვაცანი ტყის ერთ-ერთი ბინადარი და გვაჩვენე, როგორ მოუფრთხილდები მის სახლს!
კონკურსი ტარდება პროექტ “ECO.Georgia“-ს ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობის მიერ და ხორციელდება გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების და GIZ-ის ერთობლივი ძალისხმევით.
კონკურსის მიზანი:
კონკურსის მიზანია ბავშვებმა შემოქმედებითი ფორმით წარმოაჩინონ ტყისა და მისი ბინადრების მნიშვნელობა და გაგვიზიარონ საკუთარი იდეები ბუნებაზე ზრუნვის შესახებ.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების I–V კლასის მოსწავლეებს. ნამუშევრები შეფასდება ორ ასაკობრივ ჯგუფში:
● I–II კლასები;
● III–V კლასები.
თითოეულ ჯგუფში გამარჯვებულები ცალ-ცალკე გამოვლინდებიან.
საკონკურსო დავალება
შექმენით ერთი შემოქმედებითი ნამუშევარი A4 ან A3 ზომის ფურცელზე, რომელშიც გააერთიანებ ნახატსა და მოკლე ტექსტს:
● გაგვაცანი ტყის ბინადარი: აირჩიეთ ტყეში მცხოვრები ერთი ცხოველი, ფრინველი, მწერი ან მცენარე მიუწერე სახელი და 1–2 წინადადებით აღწერე, რა მნიშვნელობა აქვს მას ტყისთვის. ;
● დახატე შენი იდეა : აირჩიე ბინადარი ტყეში. ნახატით გვაჩვენე, როგორია მისი გარემო და როგორ შეგვიძლია მასზე ზრუნვა. ;
● გაგვიზიარე შენი გზავნილი : „დაასრულე წინადადება: „მე ტყეს ასე მოვუფრთხილდები: …“ ";
ბავშვის დამოუკიდებელი მონაწილეობა
ნამუშევრის იდეა, ნახატი და პასუხები უნდა ეკუთვნოდეს თავად მოსწავლეს.
მშობელს ან მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს ბავშვს დავალების პირობის წაკითხვაში, სარეგისტრაციო ფორმის შევსებასა და ნამუშევრის ატვირთვაში.
თუ მოსწავლეს ტექსტის დამოუკიდებლად ჩაწერა უჭირს, უფროსს შეუძლია მისი ნაკარნახევი სიტყვასიტყვით ჩაწეროს, შინაარსის შეცვლის გარეშე. ასეთი დახმარების შესახებ უნდა მიეთითოს სარეგისტრაციო ფორმაში.
მონაწილეობის წესი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
1. შეავსეთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა [ბმული]
2. ატვირთეთ ნამუშევრის მაღალი ხარისხის ფოტო ან სკანირებული ვერსია (JPG ან PDF ფორმატში). ფოტოზე სრულად უნდა ჩანდეს ნამუშევარი და იკითხებოდეს ტექსტი.
მნიშვნელოვანი თარიღები
● განაცხადების მიღების : 28 სექტემბრიდან- 30 ოქტომბრის ჩათვლით.
შეფასების კრიტერიუმები
ჟიური ნამუშევრებს შეაფასებს შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით, შემდეგი კრიტერიუმებით:
კრიტერიუმი აღწერა
თემის გააზრება ტყისა და არჩეული ბინადრის მნიშვნელობის წარმოჩენა; ბუნებაზე ზრუნვის გააზრებული გზავნილი.
კრეატიულობა ბავშვის საკუთარი ხედვა, იდეის ორიგინალურობა და შემოქმედებითი მიდგომა.
სრულყოფილება საკონკურსო დავალების ყველა პირობის ზუსტად შესრულება
ვიზუალური მხარე ნამუშევრის მხატვრული და ესთეტიკური გაფორმება
გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება
ჟიური თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გამოავლენს 5 გამარჯვებულს.
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან სპეციალურ დაჯილდოების ღონისძიებაზე. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს გადაეცემათ თემატური პრიზები და სერტიფიკატები! ღონისძიების თარიღი გამარჯვებულებს წინასწარ ეცნობებათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
info@eiec.gov.ge