ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მხარდაჭერით, ავსტრიაში, ქ.ვენაში ორჰუსის ცენტრების 2025 წლის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრების, სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, თამთა დევდარიანმა შეხვედრაზე წარადგინა პრეზენტაცია: „ორჰუსის ცენტრებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი ადგილობრივ დონეზე კატასტროფების რისკის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის შემცირების ხელშეწყობაში” საქართველოს გამოცდილებასა და მიღწევებზე დაყრდნობით.
თამთა დევდარიანმა ყურადღება გაამახვილა ინსტიტუციათშორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის სისტემურ განვითარებას.
როგორც თამთა დევდარიანმა აღნიშნა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერება გადამწყვეტია, რათა კლიმატის რისკების შესახებ ინფორმაცია ეფექტიანად მიეწოდოს თემებსა და ადგილობრივ დონეზე პასუხისმგებელ პირებს.
პრეზენტაციაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების ზეგავლენის შემცირებას მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და საარსებო გარემოზე — ეროვნულ დონეზე ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვისა და ადგილობრივ დონეზე რისკებზე დაფუძნებული ქმედებების განხორციელების გზით.
საუბარი შეეხო ცენტრის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სათემო ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკების მართვის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით სკოლებისა და ბაღების წარმომადგენლებისთვის ჩატარებულ ტრენინგებზე.
ორჰუსის ცენტრების ყოველწლიური შეხვედრას ასევე ესწრებოდა პროექტის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” კოორდინატორი სოფიო ბერიშვილი.