დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევის წახალისება იყო.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას, კლიმატის ცვლილების ძირითად გამოწვევებსა და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც თითოეულ ადამიანს შეუძლია გადადგას ბუნების დაცვისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყოველდღიური ეკო-ჩვევების მნიშვნელობას, როგორიცაა რესურსების დაზოგვა, ნარჩენების შემცირება და გადამუშავება. ასევე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია დედამიწის დღის არსისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
ინტერაქტიული ფორმატის შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები გარემოსდაცვით საკითხებზე.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მომავალ თაობაში გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებას და მათი ჩართულობის გაზრდას ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და მსოფლიოში გარემოს დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო თარიღად მიიჩნევა. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ საკითხებზე და ადამიანების მოტივირება, უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბუნებასა და გარემოს. წლევანდელი სლოგანია - „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რაც გარემოს დაცვის პროცესში თითოეული ადამიანის როლისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.