სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
მთავარიბიომრავალფეროვნება

ბიომრავალფეროვნება

მიმოხილვა

საქართველო კავკასიის ბიოგეოგრაფიული რეგიონის ნაწილია და მდებარეობს კავკასიის ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილში, რომელიც მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ამავდროულად საფრთხის ქვეშ მყოფ რეგიონად არის აღიარებული. თანამედროვე კლასიფიკაციით კი, მსოფლიოში 36 ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია. ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს წითელ ნუსხას. მოქმედი ეროვნული წითელი ნუსხა 2006 წელს დამტკიცდა და მასში შეტანილია საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველებისა და მცენარეების სახეობები. წითელ ნუსხაში შეტანილია 139 სახეობა, მათ შორის 29 ძუძუმწოვარი, 35 ფრინველი, 11 ქვეწარმავალი, 2 ამფიბია, 14 თევზი და 56 მერქნიანი მცენარე. ასევე, დაახლოებით 44 ხერხემლიანი სახეობა საერთაშორისო ბუნების დაცვის კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაშია შეტანილი როგორც მოწყვლადი, გადაშენების პირას მყოფი ან გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი. ბიომრავალფეროვნებისთვის ძირითადი გამოწვევებია ბუნებრივი ჰაბიტატების დეგრადაცია და ფრაგმენტაცია, ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებული გამოყენება, უკანონო ნადირობა და ბრაკონიერობა, არამდგრადი ძოვება, გარემოს დაბინძურება, ინფრასტრუქტურული და სამთო-მოპოვებითი საქმიანობის ზეწოლა, ინვაზიური უცხო სახეობების გავრცელება და კლიმატის ცვლილება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და პრაქტიკული ღონისძიებები განხორციელდა. მნიშვნელოვნად გაფართოვდა დაცული ტერიტორიების სისტემა, მათ შორის ეროვნული პარკების, აღკვეთილებისა და დაცული ლანდშაფტების ქსელი. პარალელურად, განვითარდა „Emerald Network“-ის სისტემა, რომელიც ევროპული მნიშვნელობის ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება, გაძლიერდა იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კონსერვაციისა და აღდგენის მექანიზმები და შემუშავდა შესაბამისი სახეობრივი კონსერვაციის გეგმები. საქართველო 1994 წლიდან ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარე ქვეყანაა. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “ერთიანი პროგრამა ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) განახლებისა და მეშვიდე ეროვნული ანგარიშის მხარდასაჭერად”, რომელიც მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების ეროვნული პოლიტიკის განახლებას კუნმინგ-მონრეალის გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩოს შესაბამისად, ეროვნული მიზნების მიღწევის პროგრესის შეფასებას, მონიტორინგისა და ანგარიშგების შესაძლებლობების გაძლიერებას და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფას..