ტყის სექტორი
მიმოხილვა
ტყე დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოსისტემაა. იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჰაერისა და წყლის ხარისხზე, იცავს ნიადაგს ეროზიისგან, არეგულირებს წყლის ციკლსა და კლიმატს, ასევე შთანთქავს და იჭერს ატმოსფერულ ნახშირბადს. ამასთანავე, ტყე მილიონობით ცოცხალი ორგანიზმისთვის საარსებო გარემოს ქმნის, ხოლო ადამიანისთვის საკვების, ბუნებრივი რესურსებისა და რეკრეაციის მნიშვნელოვანი წყაროა. საქართველოს ტყეები საქართველოს ტყეები ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის განუყოფელი და სტრატეგიული ნაწილია და განსაკუთრებული ფასეულობის ბუნებრივ რესურსად მოიაზრება. ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის (2023) მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის 44.5% (3,100,500 ჰექტარი) ტყითაა დაფარული, რაც ქვეყანას ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვს მიაკუთვნებს. ტყეების უმეტესი ნაწილი საშუალო და მაღალი დაქანების ფერდობებზეა განლაგებული და ძირითადად მთიან რეგიონებშია გავრცელებული. საქართველოს ტყეები გამოირჩევა მაღალი ბიომრავალფეროვნებით. ტყის ფართობის 98%-ზე მეტი ბუნებრივი წარმოშობისაა და მრავალი იშვიათი თუ ენდემური სახეობის საბინადრო გარემოს წარმოადგენს. ტყის ეროვნული აღრიცხვის ფარგლებში მხოლოდ მერქნიან სახეობებს შორის დაფიქსირდა 190-მდე სახეობა, რაც მაღალ ადგილობრივ ენდემურობაზე მიუთითებს. ტყეს განსაკუთრებული დამცველობითი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის - ის ამცირებს ეროზიის, მეწყრისა და ღვარცოფის რისკს, არეგულირებს წყლის რესურსებს და ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შერბილებას. ტყის დაცვა მხოლოდ ხეების შენარჩუნებას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს მთელი ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნებისა და იმ სასიცოცხლო ფუნქციების დაცვას, რომლებიც უზრუნველყოფს გარემოს სტაბილურობასა და მომავალი თაობების კეთილდღეობას. 2023 წლის ტყის ეროვნული აღრიცხვის მიხედვით, ტყით დაფარული ფართობის 35.4% დეგრადირებულია, რაც აღდგენისა და მდგრადი მართვის ღონისძიებების გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებს.
