დაცული ტერიტორიები
მიმოხილვა
ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანძური - ულამაზესი ბუნება და უნიკალური ბიომრავალფეროვნება, თითქმის ხელუხლებლად არის წარმოდგენილი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. დაცული ტერიტორიების უპირველესი დანიშნულება, სწორედ, ამ უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნებაა. საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორია და განვითარება საუკუნეზე მეტს ითვლის, ის 1912 წლიდან იწყება, როდესაც, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში, 3 500 ჰა ფართობზე, პირველი დაცული ტერიტორია - ლაგოდეხის ნაკრძალი შეიქმნა. 2026 წლის მდგომარეობით, საქართველოში, IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით, 6 სხვადასხვა კატეგორიის 112 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 17 ეროვნული პარკი, 45 ბუნების ძეგლი, 27 აღკვეთილი, 7 დაცული ლანდშაფტი და 2 მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, საერთო ფართობით 1 066 175 ჰექტარი, რაც ჩვენი ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 14.64%-ია. საქართველოს დაცული ტერიტორიები, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, მსოფლიოს საგანძურიცაა. ამაზე მეტყველებს არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის აღიარება და ჯილდო, მათ შორის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხა, რომელშიც საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - კოლხეთის და მტირალას ეროვნული პარკები, ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიები, როგორც უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, 2021 წლიდანაა შეტანილი.
