სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
მთავარინიადაგი

ნიადაგი

მიმოხილვა

ნიადაგი არის ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების — კლიმატის, ცოცხალი ორგანიზმების, რელიეფის, ნიადაგწარმომქმნელი ქანის, დროისა და ადამიანის სამეურნეო საქმიანობის — ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი სხეული, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებები. ნიადაგი ცოცხალი და დინამიკური სისტემაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბუნებრივი პროცესებისა და ადამიანის საქმიანობის გავლენით.  

ნიადაგის საერთო დანიშნულების და მისი ბუნებრივი კაპიტალის საზრისზე წარმოდგენას გვიქმნის მისი ფუნქციები/უნარები, რომლითაც ნიადაგს ენიჭება სიცოცხლის მუდმივობის და ქვეყნების ეკონომიკის განმსაზღვრელი, ასევე მათი კულტურის განუყოფელი ნაწილის სტატუსი.  

ნიადაგის უნარი, რომელიც განაპირობებს ხელშემწყობ გარემო პირობებს, მიიღება ფუნდამენტური ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგად და უზრუნველყოფს ეროზიული პროცესებისადმი ნიადაგის მედეგობა/გამძლეობას, ჯანსაღი ეკოსისტემების შენარჩუნებას და წარმოადგენს მცენარეების საარსებო ელემენტების რეზერვუარს, რითაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების ფორმირებას და ჰაბიტატების ფუნქციონირებას. ნიადაგის უნარები ქმნიან წყლის ინფილტრაციის, ატმოსფერული, მიწისქვეშა წყლების რეგულაციის და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის ხელშემწყობ პირობებს.

ნიადაგი, როგორც მარეგულირებელი დიდ როლს ასრულებს ფილტრაციის, დამბინძურებლების დეტოქსიკაციის, ეროზიული პროცესების კონტროლის, კლიმატის ცვლილებისა და წყლის ნაკადების მოწესრიგების, საკვები ნივთიერებების წრე-ბრუნვის პროცესებში. ასევე ხაზგასასმელია, დედამიწაზე ნიადაგის წვლილი  ენერგიის ტრანსფორმირება-აკუმულაციაში, მისი არაპირდაპირი მონაწილეობით არაორგანული ნივთიერებები ორგანულ ნაერთებად გარდაიქმნება. 

ნიადაგის ნაყოფიერების უნარს გარკვეულწილად კაცობრიობის კეთილდღეობის მატარებელი დატვირთვა აქვს, რაც ნიადაგიდან ხელშესახები, რეალური პროდუქტებით (საკვები, საწვავი (ხე-მცენარეები, ტორფი), ნედლეული (მინერალები), სამშენებლო (თიხა, ქვიშა-ხრეში), სამკურნალო რესურსი (მიკროორგანიზმებით გამომუშავებული ანტიბიოტიკები)) სარგებლის მიღებაში გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა კეთილდღეობის კონტექსტში ნაყოფიერება ცენტრალურ როლს თამაშობს, ნიადაგის თვისებებს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ აღნიშნული ფუნქციის შესრულებაში.

ნიადაგიდან მიღებული არამატერიალური სარგებელი დაკავშირებულია რელიგიის,  განათლების, ხელოვნების, ესთეტიკითა და რეკრეაციის შედეგად მიღებულ ადამიანურ განცდებთან, ინდივიდებს გარემოსთან და მათ კულტურულ მემკვიდრეობასთან სწორედ ნიადაგი აკავშირებს, რამდენადაც ის ასოცირდება წარმოშობის ისტორიებთან, სამარხებთან და ლანდშაფტებთან. ნიადაგის, როგორც კულტურული იდენტობის ნაწილის მნიშვნელობას ასაბუთებს სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის სპეციფიკური ცოდნის, თაობიდან თაობაზე გადაცემული ტრადიციები. 

ამგვარად, ნიადაგის საერთო დანიშნულება მხოლოდ მისი ნაყოფიერების უნარით არ შემოიფარგლება. მისი ფუნქციონალური არსი გაცილებით ღრმაა, რომელიც ბიოლოგიურ და გეოლოგიურ მოვლენათა ერთობლივი ზემოქმედების შედეგში და თვით ნიადაგსა და სიცოცხლეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირში ვლინდება. განსხვავებით სხვა ბუნებრივი სხეულებისგან, ნიადაგი არის  უნიკალური და მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომებს. აღნიშნულ თეზას ემატება ის ფაქტორიც, რომ ნიადაგი ფაქტიურად არა განახლებადი სხეულია, რომელსაც თვითაღდგენისთვის ასეული და ათასეული წლები სჭირდება. 

ნიადაგის მდგრადი მართვის დოქტრინა გულისხმობს, ნიადაგის გამოყენებისა და დაცვის ურთიერთ თანხვედრილ კომპლექსურ მიდგომებს, რომელთა პრაქტიკაში სწორი დანერგვა ნიადაგის რესურსების გრძელვადიანი შენარჩუნების,  აგრო- და ბუნებრივი ეკოსისტემების ბალანსის დაცვის, სურსათის სტაბილური უზრუნველყოფის, გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების გარანტიაა.