COP31-ის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის შესახებ ღონისძიება გაიმართა
გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, საქართველოს პავილიონში ღონისძიება - „საქართველოს ადაპტაციის ეროვნული გეგმის წინსვლა: კლიმატმედეგი მომავლისთვის“ (Advancing Georgia’s National Adaptation Plan: Building Climate Resilience for the Future) გაიმართა.
ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო თხილავა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი და პროექტის ეროვნული კოორდინატორი ეკა მამალაძე.
ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრის მიზანს საქართველოში ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) პროცესის, მიღწეული პროგრესისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით დაგეგმილი საქმიანობის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენდა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ადაპტაციის გეგმის შემუშავების პროცესს, სექტორული კლიმატური რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებას, ასევე ადაპტაციის პრიორიტეტებისა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს ასევე წარედგინათ ვიდეორგოლები, რომლებიც წარმოაჩენს კლიმატის ცვლილების გავლენას ქვეყნის სხვადასხვა სექტორზე, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმზე, წყლის რესურსებზე, ჯანმრთელობასა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე.
დისკუსიის ფარგლებში აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია მოითხოვს გრძელვადიან, თანმიმდევრულ და სექტორთაშორის კოორდინირებულ მიდგომას.
ეროვნული ადაპტაციის გეგმა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის კლიმატური რისკების შეფასების, ადაპტაციის ღონისძიებების დაგეგმვისა და ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებისთვის.
ღონისძიების მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე.
საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის შემუშავება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს კლიმატის ცვლილების გავლენის მიმართ ქვეყნის მდგრადობის გასაძლიერებლად და სექტორულ პოლიტიკებში ადაპტაციის საკითხების ინტეგრირებისთვის.
ღონისძიება კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში დასრულდა.
