გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საერთაშორისო პარტნიორებს თავისი საქმიანობა და თანამშრომლობის შესაძლებლობები გააცნო
ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა, საერთაშორისო პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინიციატივები და მათი კავშირი ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს მიზნებთან გააცნო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გარემოსდაცვითი განათლების როლზე ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და გარემოსდაცვით საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით.
თამთა დევდარიანმა ასევე წარადგინა საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ჩემი პირველი ნერგი“, რომელიც ბავშვებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრებასა და ბუნებრივი გარემოს დაცვის პროცესში მომავალი თაობის ჩართულობის ხელშეწყობას ემსახურება. ინიციატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) შესახებ, რომლის განხორციელებაშიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ერთ-ერთი განმახორციელებელი უწყებაა. ასევე განხილული იყო ცენტრის საერთაშორისო პროექტები და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება და ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში.
